სიახლე
03-04-2019 : ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ „ იო-იო“ -ს მორიგი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა კვლევითი და სოციალური უნარების განვითარება, მცირე ექსპერიმენტების დაგეგმვა და მათი ჩატარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და გიული მიქელაძე, მე-14 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთევან ფუტკარაძე.
შეხვედრას ორგანიზებას უწევდა კლუბის მეურვე - მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ნუკრი კობახიძე.
დასაწყისში კლუბის მეურვემ მოსწავლეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და გეგმა, მიაწოდა ინსტრუქციები განსახორციელებელი აქტივობების შესახებ:
1. თამაში - „გამოიცანი ელემენტი “;
2. სხვადასხვა კონცენტრაციის შაქრის ხსნარის დამზადება - „შუქნიშნის ფერები“
3. სადემონსტრაციო ცდა - „ შაქრის დანახშირება“
4. რეფლექსია - „ქიმიკოსთა კლუბის ჰიმნი“, „კლუბის წევრთა ხელთათმანების ნახშირორჟანგით გავსება“.
ჯგუფებს დაურიგდათ ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც განახორციელეს ექსპერიმენტები ფერადი შუქნიშნის მისაღებად. ლამაზი სანახაობით ყველა მოიხიბლა, მოსწავლეთა მიერ გამოხატული ემოციები ამას აშკარად ადასტურებდა.
ყველა დავალებას ჯგუფებმა წარმატებით გაართვა თავი.
მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას. ძალიან მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დადებითი შეფასება მისცეს კლუბის საქმიანობას. ჩანდა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კვლევითი და სოციალური უნარები.
სტუმრებმა წარმატება უსურვეს კლუბის წევრებს შემდგომ საქმიანობაში.
ნანახია 2749-ჯერ
კლუბი: კლუბი იო-იო