სიახლები

30-11--0001 ნარჩენები და მათგან გამოწვეული პრობლემები

ყოველწლიურად, მარტო ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით 2 მილიარდი ტონ ნარჩენი წარმოიქმნება და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ქვეყნები ამ პრობლემას ებრძვიან ნარჩენების წარმოქმნის შემცირებით, დახარისხებით, გადამუშავებით (ხელახალი გამოყენებით) და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით. ეს ყველაფერი ერთიანდება "ნარჩენების მართვის" ცნებაში, რომელიც მოიცავს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას და განთავსებას. ასევე მონიტორინგს - მისი წარმოშობის "წყაროდან" საბოლოო განთავსების ადგილამდე. ნარჩენების მართვა ეს არის ნარჩენების გონივრული გამოყენება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაქსიმალურად იყენებს ქვეყანა თავის ნარჩენებს, იმდენად გონიერ და მოტივირებულ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ანუ, ნარჩენების მართვა ეს არის რესურსების განახლებისა და ხელმეორედ გამოყენების განსაზღვრული პრაქტიკა, რომელიც კონცენტრირებულია ბუნებრივი რესურსების მოხმარების რაოდენობრიობის შემცირებაზე. განსხვავებულია ნარჩენების მართვის პრაქტიკა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის, ურბანული და სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისათვის, ასევე საცხოვრებელი და ინდუსტრიული უბნებისათვის. დიდ დასახლებულ პუნქტებში არასახიფათო ნარჩენების მართვა ძირითადად ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების პრეროგატივაა, თუმცა კომერციული და ინდუსტრიული ნარჩენების "მოვლა-პატრონობა" ამ ნარჩენების მწარმოებლის პასუხისმგებლობაა. ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა, რომელიც ფართოდაა დანერგილი მთელს განვითარებულ მსოფლიოში, ეს არის ნარჩენების კონტროლისა და განთავსების მთელი რიგი მეთოდების ერთობლიობა. ნარჩენების იერარქიის მოდელი შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან: ნარჩენების შემცირება, მათი ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, ნარჩენის გარდაქმნა ენერგიად და განთავსება. რა ხდება საქართველოში?! საქართველოში იმ აქტუალურ და მწვავე პრობლემებს შორის რომელიც გარემოსდაცვით სფეროშია, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარჩენების მართვის პრობლემას. უნდა აღინიშნოს, რომ 24 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება. ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე არ არსებობს ნარჩენების მართვის რეგიონული და ადგილობრივი გეგმები. 2014 წლის 26 იანვარს ძალაში შევიდა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული "ნარჩენების მართვის კოდექსი", რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აწესრიგებს ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. დიდ ქალაქებში მეტნაკლებად მოგვარებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელებზე, ამ მხრივ სოფლებში ისევ მძიმე მდგომარეობაა. სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით მართალია ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის (მაგ. საკვების ნარჩენებს იყენებს შინაური პირუტყვის გამოსაკვებად, ნაკელს იყენებს სასუქად და ა.შ.) მაგრამ, იმ მცირედი ნარჩენის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებაც კი მოუგვარებელია. ამიტომ, ეს ნარჩენი საბოლოოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად კი ღელეებში, ხევებში და მდინარეებში აღმოჩნდება და მცირე "უკონტროლო ნაგავსაყრელებს" წარმოქმნის. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სისტემის გაუმართაობა გამოწვეულია დაფინანსების სიმცირით და მომსახურების არასაკმარისი კომერციალიზმით. დაფინანსების წყაროს ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერები და მუნიციპალური დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს, ეს თანხა კი არ არის საკმარისი ყველა სოფლის მომსახურებისათვის. რაც შეეხება თავად ნაგავსაყრელებს... დღეისათვის საქართველოში მოქმედ ნაგავსაყრელებს მთლიანობაში უკავია 300 ჰექტარამდე მიწის ფართობი. ჩვენი მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 54 ლეგალური ნაგავსაყრელია და მათი რეორგანიზაციის შედეგად უნდა დარჩეს 15 ნაგავსაყრელი (თუმცა რა სახით მოხდება ნაგავსაყრელების დახურვა, დაკონსერვება და ახლის მშენებლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არ არის). ხშირად ნაგავსაყრელები დასაშვებ მანძილზე ახლოს მდებარეობენ დასახლებული პუნქტებიდან, მდინარეებიდან და ზღვის სანაპიროდან, რაც ქმნის ჰაერის, ნიადაგის, მიწისქვეშა და მიწისზედა წყლების დაბინძურების საშიშროებას. გარდა ამისა, თითქმის ყოველ დასახლებულ პუნქტთან ფუნქციობს მცირე ზომის არალეგალური ნაგავსაყრელები, რომელთა უმრავლესობა მდინარეების პირასაა განთავსებული, რის გამოც წვიმებისა და წყალდიდობების დროს მდინარეებში ირეცხება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნარჩენი. რაც ბუნებრივია დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში ნაგავსაყრელებზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების უგულველყოფის გარდა (მიწის საიზოლაციო ფენა, წყალშემკრები თხრილები, საკონტროლო ჭები, ხანძრის თავიდან ასაცილებლად დასანოტივებელი ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემა და ა.შ), დარღვეულია უსაფრთხოების ყველაზე ელემენტარული მოთხოვნა - შემოღობვა, რის გამოც ტერიტორიაზე ადვილად შედიან და გადაადგილდებიან უცხო პირები და პირუტყვი (რომლებიც, ხშირ შემთხვევაში იკვებებიან სახიფათო ნარჩენებით). არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანები ნაგავსაყრელებზე თვითნებურად აგროვებენ მინისა და პლასტმასის ბოთლებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ლით

ნანახია 2474-ჯერ