სიახლები
21-04-2020 „ქიმიის არისტოკრატი"ჰელიუმს, არგონს, ნეონს, კრიპტონს, ქსენონსა და რადონს ქიმიური ინერტულობის გამო კეთილშობილ აირებს ანუ ქიმიის არისტოკრატებს უწოდებენ.
ელემენტი, რომელიც მზეზე 13 წლით უფრო ადრე აღმოაჩინეს, ვიდრე დედამიწაზე, არის ჰელიუმი. ის ხასიათდება ძალიან დაბალი აქტივობით, ჰელიუმის მოლეკულა ერთატომიანია, მისი ნაერთები არაა მიღებული. წყალსა და სხვა სითხეებში თითმის არ იხსნება. ჰელიუმი 1868 წელს ორმა ასტრონომმა მზის სპექტრის შესწავლისას აღმოაჩინა.
ჰელიუმი რამდენიმე ნიშნითაა გამორჩეული: წყალბადის შემდეგ ყველაზე მსუბუქი აირია; კოსმოსური მასის შემქმნელია წყალბადთან ერთად;სამყაროში გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა.
XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე დირიჟაბლები კონკურენციას უწევდნენ თვითმფრინავებს. მათ შესავსებად იყენებდნენ ჰელიუმს, რომელსაც დამატებული ჰქონდა 15% წყალბადი. ამ მიზნით ჰელიუმი პირველად გერმანელებმა 1915 წელს გამოიყენეს.
ჰელიუმი გამოიყენება ძალიან დაბალი ტემპერატურის შესაქმნელად სამაცივრო დანადგარებში; მედიცინაში იყენებენ ხელოვნური სასუნთქი ნარევის მისაღებად; ჰელიუმის არეში ახდენენ ელექტროშედუღებას და აწრთობენ უჟანგავ ფოლადს.
ჰელიუმი უფერო აირია. ელექტრული განმუხტვისას კი მომწვანო ნათებას წარმოქმნის.
ნანახია 2034-ჯერ